ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს ბრიუსელში ეპატიჟებიან და ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენას სთავაზობენ
ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს ბრიუსელში ეპატიჟებიან და ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენას სთავაზობენ

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მომავალ წელს ბრიუსელში ეპატიჟებიან და ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენას სთავაზობენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენს ნატო-სა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით კი, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ისევე, როგორც დონალდ ტრამპს, ჯო ბაიდენსაც ექნება სურვილი, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ორგანიზაციის ბიუჯეტში საკუთარი წვლილი გაზარდონ.

სტოლტენბერგის თქმით, ტრამპს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის დროს „საკუთარი სტილი“ ჰქონდა და მოლოდინების შესახებ საკმაოდ მკაფიო განცხადებებს აკეთებდა.

„მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არჩეულ პრეზიდენტსაც ანალოგიური მოლოდინი ექნება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გამო უარი არ თქვან ნატო-ს ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის გადახდაზე.

„ყველაზე რთული დავალება ახლა ის არის, რომ არ დავუშვათ, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა უსაფრთხოების კუთხით გააჩინოს კრიზისი. ამიტომ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.