ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან.

„მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობისას ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება. აღინიშნა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და JTEC-ს განვითარების პროცესში JFTC-ს მხრიდან გაწეული მხარდაჭერა.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.