ნატო-ს 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ალიანსის ახალი საინოვაციო ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ
ნატო-ს 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ალიანსის ახალი საინოვაციო ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ნატო-ს ახალი საინოვაციო ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ.

შესაბამის შეთანხმებას მოკავშირეებმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მოაწერეს ხელი.

„ბრიუსელის სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა ჩვენი ალიანსის გაძლიერების ვალდებულება აიღეს, მათ შორის ტრანსატლანტიკური ინოვაციების განვითარებით და დაცვით. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებას, ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს განცხადებით, მრავალეროვანი ფონდი დაეხმარება ნატო-ს, შეინარჩუნოს თავისი ტექნოლოგიური უპირატესობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებში მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირების გზით. ფონდი ასევე ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ნოვატორებთან.

ნატო-ს საინოვაციო ფონდის შექმნის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, იტალიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ და დიდმა ბრიტანეთმა.