ნატო - წლებია, რუსეთი „ღია ცის ხელშეკრულებასთან“ შეუთავსებელ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საზღვართან ფრენებთან დაკავშირებით
ნატო - წლებია, რუსეთი „ღია ცის ხელშეკრულებასთან“ შეუთავსებელ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საზღვართან ფრენებთან დაკავშირებით

რუსეთი წლებია, „ღია ცის ხელშეკრულებასთან“ შეუთავსებელ შეზღუდვებს აწესებს კალინინგრადსა და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ფრენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან „ღია ცის შეთანხმების“ სელექციური შესრულება აზარალებს ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების კონტრიბუციებს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ 2014 წლის უელსის სამიტის შემდეგ. ეს მოწოდება განმეორდა 2016 წლის ვარშავის სამიტსა და 2018 წლის ბრიუსელის სამიტებზე. აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს და შეთანხმების ექვს თვეში დატოვების შესახებ გამოაცხადა. თუმცა აშშ აცხადებს, რომ შეიძლება გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას თუ რუსეთი შეთანხმების შესრულებას დაიწყებს.

„ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი ელემენტის – შეიარაღების, განიარაღებისა და იარაღის გაუვრცელებლობის შესრულებას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით. მოკავშირეები ასევე რჩებიან ღია დიალოგისთვის ნატო-რუსეთის საბჭოში რისკების შესამცირებლად და გამჭვირვალობისთვის“, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ „ღია ცის შეთანხმების“ ყველა მონაწილემ სრულად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები.