ნატო-მ სერბეთს კოსოვოში ჯარისა და პოლიციის შეყვანაზე უარი უთხრა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.
კოსოვოში განთავსებული ნატო-ს მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოსოვოში სერბეთის ჯარის დაბრუნების საჭიროება არ არსებობს.
ვუჩიჩმა გააკრიტიკა ნატო-ს მისია იმის გამო, რომ სერბეთს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მართლმადიდებლური შობის წინა დღეს აცნობა.
მანამდე კოსოვოს პოლიციამ დააკავა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეჭვმიტანილია ორი ახალგაზრდა სერბის მისამართით სროლასა და დაჭრაში ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ შტერფჩესთან. დაშავებულების ინფორმაციით, მათ ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.
ინციდენტის შემდეგ ქალაქ შტერფჩეში ათასობით სერბმა საპროტესტო აქცია გამართა.
გასულ თვეში, ომის დასრულების შემდეგ პირველად, სერბეთმა მოითხოვა ჯარების განლაგება კოსოვოში, კოსოვოს ხელისუფლებასა და სერბებს შორის შეტაკების საპასუხოდ ჩრდილოეთ რეგიონში, სადაც ისინი უმრავლესობას შეადგენენ.