ნატო-მ რუსეთსა და ბელარუსს მოუწოდა, თავი შეიკავონ ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარების დესტაბილიზაციისგან
ნატო-მ რუსეთსა და ბელარუსს მოუწოდა, თავი შეიკავონ ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარების დესტაბილიზაციისგან

ნატო-მ რუსეთსა და ბელარუსს მოუწოდა, თავი შეიკავონ ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარების დესტაბილიზაციისგან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, „ნატო მზად არის, სერიოზული საჭიროების შემთხვევაში დაიცვას ყველა მოკავშირე, ნებისმიერი საფრთხისგან, რომელიც მინსკიდან დ მოსკოვიდან წამოვა.

მისივე თქმით, ნატო შეშფოთებულია ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მჭიდრო თანამშრომლობის გამო. სტოლტენბერგის განცხადებით, „ბელარუსი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე“.

„მოკავშირეები სერიოზულად არიან შეშფოთებულები მოსკოვისა და მინსკის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობებით, რაც ბოლო თვეებში ხდება. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ დაარღვია რუსეთმა ისეთი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობის საკითხზე.

მისი თქმით, მოსკოვი და პეკინი კოორდინირებულად მოქმედებენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, და ასევე ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას შეიარაღებისა და ინტერნეტის კონტროლის სფეროში. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ეს სერიოზული გამოწვევაა.