ნატო გეგმავს, კოსმოსი თავის ახალ ოპერაციულ სფეროდ აღიაროს
ნატო გეგმავს, კოსმოსი თავის ახალ ოპერაციულ სფეროდ აღიაროს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ნოემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე შეთანხმდებიან, კოსმოსი ​ხმელეთთან, ჰაერთან, ზღვასთან და კიბერსივრცესთან ერთად ოპერაციულ სფეროდ აღიარონ. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ნატო განაგრძობს სტრატეგიული გამოწვევების წინაშე ადაპტირებას. ხვალ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ველოდები, რომ მინისტრები შეთანხმდებიან აღიარონ კოსმოსი, როგორც ოპერაციული სფერო ხმელეთთან, ჰაერთან, ზღვასთან და კიბერსივრცესთან ერთად. კოსმოსი მნიშვნელოვანია ალიანსის თავდაცვისუნარიანობისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, კოსმოსის ნატო-ს ოპერაციულ სფეროდ აღიარება იქნება მკაფიო ნიშანი, რომ ალიანსი განაგრძობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ყველა სფეროში. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს.

„ჩვენი მიდგომა დარჩება თავდაცვითი და იქნება საერთაშორისო სამართლის სრულ შესაბამისობაში. ნატო-ს არ აქვს განზრახვა განათავსოს იარაღი კოსმოსში, თუმცა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მისიებსა და ოპერაციებს შესაბამისი მხარდაჭერა აქვთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.