ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას გააფართოებს
ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას გააფართოებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერაყში სამხედრო საწვრთნელი მისიის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე აუცილებელია, ალიანსმა ნატო-ს საწვრთნელი მისია გააფართოოს. საწვრთნელი ბაზები დამატებით ერაყსა და იორდანიაში განლაგდება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილია, საწვრთნელი ბაზა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილშიც აშენდეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენწევრიანი სამხედრო კონტინგენტი გაემგზავრება ერაყში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწვრთნელ მისიას სულ მცირე 200 სამხედრო დაემატება.