ნატო ჩხეიძე - ყველაფერი სახალხო დამცველმა შეისწავლოს, რომელიც ალბათ მიუკერძოებელ დასკვნას გამოიტანს
ნატო ჩხეიძე - ყველაფერი სახალხო დამცველმა შეისწავლოს, რომელიც ალბათ მიუკერძოებელ დასკვნას გამოიტანს

ვისურვებდი, დოკუმენტები, რომლის ახსნასაც ფინანსთა სამინისტრო თავისებურად ახერხებს, სახალხო დამცველის ოფისს გადაუგზავნონ, სადაც „ომეგა ჯგუფის“ დოკუმენტები უკვე დიდი ხანია გადაგზავნილია, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ყველაფერი სახალხო დამცველმა შეისწავლოს, რომელიც ალბათ, მიუკერძოებელ დასკვნას გამოიტანს, ვინ სრულ სიმართლეს ამბობს და, ვინ ნახევარ სიმართლეს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის ინფორმაციას, რომ დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე და ყადაღის მოხსნაზე „ომეგა ჯგუფის“ თხოვნები შემოსავლების სამსახურის მიერ კმაყოფილდებოდა, ჩხეიძემ განაცხადა, რომ დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე განაცხადა შეტანილი იყო, მაგრამ წელიწად-ნახევარი გავიდა და რესტრუქტურიზაცია და გადავადება ჯერ არაფრის არ მომხდარა.

„მომხდარა მხოლოდ ის, რომ იყო თხოვნები, განცხადება, რომ ანგარიშებისთვის ინკასო მანამ არ დაედოთ, სანამ რესტრუქტურიზაცია არ მოხდება. დაკმაყოფილდა ის, რომ ანგარიშებს ინკასო არ ედებოდა, მაგრამ რესტრუქტურიზაციის კომისიაც არ იკრიბებოდა. განცხადებაში აღნიშნული საკითხი, აი, ამ მხრივ არ კმაყოფილდებოდა“, – განაცხადა ჩხეიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება ასეთი ახსნა, როგორიც ფინანსთა სამინისტროს აქვს, რომ კომისიის შეკრების მიზანშეწონილობა ვერ დაინახა, რადგან კომისიის ორი თვის ვადაში შეკრება კანონით არის განსაზღვრული და ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, კანონი შეასრულოს.

„აი, მიზანშეწონილობა რომ ვერ დაინახა, ეს კანონის მიღმა გასვლაა. ფინანსთა სამინისტროს კანონი უნდა შეესრულებინა, კომისია ორ თვეში შეკრებილიყო და თუ დაინახავდა იმას, რომ კომპანია გადასახადებს ვერ გადაიხდიდა, მაშინ უარი უნდა ეთქვა. ფინანსთა სამინისტროს ამის საშუალებაც აქვს, მაგრამ სამინისტრო კომისიას არ კრებდა. რადგან არ იცოდა, უარი უნდა ეთქვა თუ, თანხმობა. აი, თუ რატომ არ იცოდა წელიწად- ნახევრის განმავლობაში, ამის ახსნა ჯერ სახალხო დამცველის ოფისისთვის მოუწევს და მერე ალბათ, საზოგადოებისთვისაც, როცა ბევრი რამ გამომჟღავნდება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დატოვე კომენტარი