ნატო ჩხეიძე - ვერ გეტყვით, დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ერთი რამ ვიცით, „აქლემი ისე ვერ დაეცემა, რომ ვირის ტვირთი ვერ ასწიოს“
ნატო ჩხეიძე - ვერ გეტყვით, დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ერთი რამ ვიცით, „აქლემი ისე ვერ დაეცემა, რომ ვირის ტვირთი ვერ ასწიოს“

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გარკვეული პროვოკაციები არსებობს და ველა დაინახავს, როგორ გაუძლებს პარტია ამ პროვოკაციებს.

ნატო ჩხეიძის თქმით, პროვოკაციების ავტორი ყოველთვის იქნება ის, ვისაც სჭირდება, რომ იყოს არეულობა.

„პარტიის წევრები როგორც ამბობენ, აზრთა სხვადასხვაობაა იდეურად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო აქამდე და ამის შემდეგაც იქნება. არსებობს გარკვეული პროვოკაციები და ამასაც თვალნათლივ ვხედავთ, მაგრამ როგორ გაუძლებს პარტია პროვოკაციებს, სხვა საკითხია და ამას ყველა ერთად დავინახავთ. პროვოკაციების ავტორი ყოველთვის იქნება ის, ვისაც სჭირდება, რომ იყოს არეულობა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კითხვაზე, ტენდენციის სახე ხომ არ მიიღო „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებამ და პარტიის თავმჯდომარის განსხვავებულმა პოზიციებმა, ჩხეიძემ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი უკმაყოფილოა, ეს გარკვეულწილად მაშინვე უნდა გამოხატოს.

„ადამიანი როდესაც რაღაცით უკმაყოფილოა, გარკვეულწილად ეს უნდა გამოხატოს მაშინვე. როდესაც ერთი წლის შემდეგ გამოხატავ, იქ სხვა მოვლენებიც იჩენს თავს“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენების გადანაწილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი.

„ის, რომ გავლენების გადანაწილება ხდება, ალბათ ყველა პარტიაშია. არა ტოპმენეჯმენტში, არამედ უფრო ქვევით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და დამფუძნებელი ციხეშია, ვერ გეტყვით, რომ რაიმე სერიოზული გადანაწილების პერსპექტივა იყოს. რა კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და კეზერაშვილს, ნამდვილად არ ვიცი. კეზერაშვილს ვისთან რა კავშირი აქვს, ამის შესახებ არის მოარული ხმები და უფრო ზუსტად ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კითხვაზე, ხომ არაფერი გსმენიათ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მერაბიშვილის გავლენაზე, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ  გავლენებს ვერ ხედავს. „როდესაც მერაბიშვილი გამოვიდა ციხიდან, მაშინ თითქოს იყო, რომ რაღაც გავლენები ჰქონდა. მაგრამ მე, როგორც ფრაქციის წევრმა, ეს გავლენები ვერ დავინახე“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რამდენად იმსახურებს ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეობას, ნატო ჩხეიძის თქმით, უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, რომ მელია პარტიის ინტერესებს ვერ პასუხობს, გადაირჩევენ. მისივე განცხადებით, როდესაც მელიამ ვადამდელი არჩევნები დააანონსა, არ ჰგონია, რომ მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები ჰქონოდა მხედველობაში.

„ნიკა მელია არჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობის მიერ. თუკი უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ვერ პასუხობს მელია პარტიის ინტერესებს, გადაირჩევენ და ვისაც მიიჩნევენ, რომ პასუხობს, იმას აირჩევენ. როდესაც მელიამ ვადამდელი არჩევნები დააანონსა, არ მგონია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნებზე ესაუბრა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მსხვილი პარტია, ჯერჯერობით ინარჩუნებს ამას. ეს მაინც სააკაშვილის ფაქტორია. ამის იქით რა მოხდება, დაიშლება თუ არ დაიშლება პარტია, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ კი ვიცით, რომ „აქლემი ისე ვერ დაეცემა, ვირის ტვირთი ვერ ასწიოს.“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.