ნატო ჩხეიძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს
ნატო ჩხეიძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს

ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას არ ენდობა. ამის შესახებ განცხადება ნატო ჩხეიძემ სასამართლოში გამოკითხვის დაწყებამდე გააკეთა.

ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება და გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა სწორედ მან მოითხოვა, თუმცა რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას, ჩხეიძემ ამის შესახებ არ ისაუბრა.

„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად, გავა არც თუ დიდი დრო და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოჩდება ის, თუ რა ჩრდილოვანი მმართველობა არის საქართველოში, რომელიც ამხილა „ომეგა ჯგუფმა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, ჩხეიძე აცხადებს, რომ ის მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ჩემი მეუღლე მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან საქართველოს კანონებით განსაზღვრული პროცედურებით. შეგიძლიათ გადაამოწმოთ საქართველოს კანონები და ამის მიხედვით ითანამშრომლებს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას არ ენდობა არც „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატი. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, გასაკვირია, ექსპერტიზამ რატომ ვერ დაადგინა, რომელი პირები საუბრობენ ამ ჩანაწერებში. ადვოკატის თქმით, საუბრის პროცესში არაა წყვეტა და მოლოდინი აქვთ, რომ ამას ევროპიდან მიღებული დასკვნასაც დაადასტურებს.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.