ნატო ჩხეიძე - მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივით აღდგა და მუხტი გადასდო საზოგადოებას
ნატო ჩხეიძე - მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივით აღდგა და მუხტი გადასდო საზოგადოებას

დღეს ნამდვილად დიდი დღეა საქართველოში, რადგან როდესაც ქვეყნის მთავარ მოედანზე ამდენი ადამიანი იკრიბება და თითოეული ადამიანის უკან არის მისი ქუჩა, დაბა, სოფელი თუ ქალაქი, ცხადია, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ქვეყანა მზადაა ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის მუხტი, რაც დღეს აქციაზეა ნიშნავს, რომ ცვლილებების პროცესი დაწყებულია.

„ასეთ ძლიერ თავყრილობებს და ასეთ მძაფრ მუხტს ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადააგორებს ხოლმე იოლად და დღევანდელი ვითარება, მუხტი, ცხადია ნიშნავს, რომ ძალიან ახლოსაა, ერთი ხელის გაწვდენაზეა ის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას უნდა და ერთი წელიწადია უკვე ყოველდღე ელის, მაგრამ დღევანდელი დღიდან აშკარად ჩანს, რადგან ისევ გამოჩნდა ლიდერი. საზოგადოებას აქვს ლიდერის რწმენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთპარტიული მმართველობა მოვა ამის მერე, მაგრამ საზოგადოებას იმისთვის, რომ გაჰყვეს, სჭირდება ლიდერი და ეს ლიდერი ახლა მიხეილ სააკაშვილია. თითქმის ისეთივე განწყობაა ახლა ქვეყანაში, როგორც 2003 წელს. ეს მუხტი მაშინ შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ამ ხალხის წინ მიმავალმა, ახლა კი საკანში მჯდომმა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ფენიქსივით აღდგა და ის მუხტი გადასდო საზოგადოებას“, – განაცხადა ჩხეიძემ.