ნატო ჩხეიძე - ხალხის მონდომება, შეცვალონ ძალმომრეობა თავისუფლებით, ქმნის სიმშვიდეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
ნატო ჩხეიძე - ხალხის მონდომება, შეცვალონ ძალმომრეობა თავისუფლებით, ქმნის სიმშვიდეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს

ხალხის მონდომება, რომ ქვეყანაში ძალმომრეობა შეცვალონ თავისუფლებით, ქმნის მათ სიმშვიდეს, აი ის ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, ყველა თავის თავს გააკონტროლებს, ყველა იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და შესაბამისად, არაფერი მოხდება, რაც გავა კონსტიტუციიდან.

„ისევე წყნარად და მშვიდად განხორციელდება ყველაფერი, როგორც ნიკა მელიას დატუსაღების დღეს იყო, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ექნება ხალხისგან, რადგან ძალადობა ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აღშფოთებს საზოგადოებას“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კითხვაზე, გადაიხდის თუ არა ნიკა მელია გირაოს, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მან არც თავის დროზე გადაიხადა გირაო და არც ახლა გადაიხდის.

„რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ეს არის ივანიშვილის დავალება, რომ რაღაცნაირად მოახერხონ, ისევე უსამართლოდ და სამართლის გვერდის ავლით გამოიყვანონ ნიკა მელია ციხიდან. ეს იყო მცდელობა, ცხადია, სამართალთან ამას არავითარი შეხება არ ჰქონდა და მალე მოახერხებს პროკურატურა, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე გამოუშვას ნიკა მელია საპყრობილიდან. ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის თქმა არის პოლიტიკური საკითხი. ის გირაო, რომლის გადახდაც დააკისრეს გავრილოვის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.