ნატო ჩხეიძე - ათ კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ჩემს ცნობიერებაზე
ნატო ჩხეიძე - ათ კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ჩემს ცნობიერებაზე

რუსეთში წასვლა „ქართული „ოცნებელების“ აზრით, ნეტავ, რატომ უნდა იყოს დასაძრახი, როცა მათი იდეური მამა სწორედ რუსული პოლიტიკური ტრამალების ფინანსური პირმშოა, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

ნატო ჩხეიძემ თავის გამოსვლაში რუსეთის დუმის დეპუტატ კალაშნიკოვთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„თქვენ რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეთ, ვინ არის მამაჩემი ოთარ ჩხეიძე საქართველოს ისტორიისთვის, რა გავლენა მოუხდენია მის ნათქვამსა, თუ ნაწერს ტოტალიტარული ქვეყნის მოქალაქეების შეგნებაზე, რა რეპრესიები განუცდია და რა ღირსებითა და გაბედულებით აუტანია, არ იკადრებდით დემაგოგიას ჩემ მიმართ, რადგან თავად მიხვდებოდით, რომ ოთარ ჩხეიძის ოჯახში აღზრდილი შვილი, მდგრად მენტალობაზე, ერთ კალაშნიკოვთან ათწუთიანი შეხვედრისას კი არა, ათ კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს ასი დღე საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ჩემს ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე. აქვე გაგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს კი არა, რუსეთის პრეზიდენტს რომ ზვიად გამსახურდია შეხვედრია, მას მერე ხუნტის მიმდევრები, სწორედ ამ ერთი შეხვედრის გამო ამუნათებდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მერე დაამხეს კიდეც რუსული იარაღით. მას შემდეგ სულ ასეა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამამხობელთა სულიერი შთამომავლები, რეალურად კი, რუსეთთან ფარულად კავშირში მყოფნი, პირადად თუ პარტიულად, კიცხავენ მათ, ვისაც ახდილი შეხვედრა ერთხელ მაინც ჰქონია რუსეთის პოლიტიკურ წარმომადგენლებთან და თავიანთი ვეება ჭკუით, ამით ვითომ ამხელენ, ნიშანს უგებენ პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.