ნატო ჩხეიძე - როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის, თეა წულუკიანს დაბადების დღეს ვერ მივულოცავ
ნატო ჩხეიძე - როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის, თეა წულუკიანს დაბადების დღეს ვერ მივულოცავ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის, თეა წულუკიანს მიკროფონიდან დადების დღეს ვერ მიულოცავს.

ეს განცხადება ნატო ჩხეიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატებმა თეა წულუკიანს დაბადების დღე მიულოცეს.

„დაბადების დღის მილოცვა ჯერ კიდევ მეოთხე მოწვევის პარლამენტის დროს, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ წამოწია წინ და მას შემდეგ ეს კანონად კი არ ქცეულა, მაგრამ მუდმივად ხდება ხოლმე ასეთი რამ. როდესაც დეპუტატებს და მაღალი რანგის მოხელეებს ულოცავენ დაბადების დღეს ასე საჯაროდ, მე პირადად მაინცდამაინც ვერ ვეთანხმები. დეპუტატების თუ მაღალი რანგის მოხელეების ასე საჯარო მილოცვები დაბადების დღისა, იმ დროს როდესაც ჩვენ გვიყურებს საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელთა გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის კიდეც, ვფიქრობ, გარკვეულწილად უხერხული უნდა იყოს ეს. ასე რომ ქალბატონო თეა, თუ მიკროფონიდან არ მოგილოცავთ დაბადების დღეს ალბათ არ მიწყენთ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამასთან, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს დაბადების დღის მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ ბოდიშს ვერ მოიხდის იმისთვის, რომ დღეს დაიბადა.

„ბოდიშს ნუ მომახდევინებთ იმისთვის, რომ დღეს დავიბადე. ეს მართლაც ასე მოხდა ზუსტად 45 წლის წინ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალს მივესალმო, ვისაც ეს ასაკი დაუდგა. საქართველოში განსაკუთრებით, მაგრამ მე მგონი ყველა ქვეყანაში, ქალები განვიცდით ასაკს. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ახლა ეს უნდა იყოს დაახლოებით იმ რეაქციის ღირსი ფაქტი, რაც არის იმერულ ესკიზებში დეპეშას რომ მიიღებს ადამიანი. მე უფრო მომწონს რეაქცია, რაც ჩემს კოლეგა დეპუტატებს ჰქონდათ. მაპატიეთ ეს ემოცია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც თქვენგან განსხვავებით კეთილი სურვილებით შეეპასუხა. შეიძლება მეტისმეტი მოსჩვენებოდა ეს ვინმეს, მაგრამ უფრო მეტი პოზიტივი ჩვენ ყველას, მათ შორის მეც, მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად ვიაროთ წინ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.