ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ისევ ითხოვს
ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ისევ ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ისევ ითხოვს. მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებებით ნატო ჩხეიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც გამოვიდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მსგავსი ინიციატივა მეათე მოწვევის პარლამენტსაც წარუდგინა. დეპუტატს მიაჩნია, რომ 26 მაისი საქართველოს პრეზიდენტის დღედ უნდა გამოცხადდეს.

„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით); დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

დაახლოებით სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილების მქონე ქვეყანაში, სადაც განმათავისუფლებლობა, როგორც იდეა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერის სიცოცხლისუნარიანობისა და კონსოლიდაციის ჩამოყალიბებაში, 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი დამოუკიდებლობა ისტორიული მნიშვნელობისაა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფიგურის – მთავრობის თავმჯდომარის, ფუნქციითა და შინაარსით პრეზიდენტის არჩევა. დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ნოე ჟორდანიას როლისა და შემდგომში მისი სტატუსის, ასევე დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე“, – განმარტავს ჩხეიძე.