National Geographic-ის ვიცე-პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა
National Geographic-ის ვიცე-პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა

„მოხარულები ვართ საქართველოსთან ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობით. უკვე ბევრი წელია, National Geographic საქართველოსა და თბილისის შესახებ სტატიებს აქვეყნებს, თუმცა ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტის გაგება უნდა თქვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი მოვუთხროთ ჩვენს აუდიტორიას თქვენ შესახებ,“ – განაცხადა National Geographic- ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო პორტალ National Geographic-ზე საქართველოს მიერ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები.

აღნიშნული ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

National Geographic- ის ვიცე-პრეზიდენტის ანაბელ კანველის განცხადებით, მარკეტინგული კამპანია, რომელსაც საერთაშორისო პორტალი National Geographic- ი განახორციელებს, საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიზიდოს.

„ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ – განაცხადა ანაბელ კანველმა.

ინტერნეტკამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებგვერდზე ხუთი პოსტი განთავსდება. საქართველოს შესახებ მომზადდება ხუთი ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სპეციალური გზამკვლევის, Georgia Travel Guide-ის საშუალებით გავრცელდება.

ასევე აღინიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე, ვიდეოს გაშვების წინ კი საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოგზაურო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი ნიტუ კამბოჯი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.