ნათია ზედგენიძე - პოლიტიკური ძალების მიერ ია კერზაიას ტრაგედიის პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია
ნათია ზედგენიძე - პოლიტიკური ძალების მიერ ია კერზაიას ტრაგედიის პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია

განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალების მიერ ია კერზაიას ტრაგედიის პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მან განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, პედაგოგის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზებული. ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც აზიანებს სასწავლო პროცესს და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. უპასუხო კითხვები არ უნდა დარჩეს“, – აცხადებს ნათია ზედგენიძე.

მისივე თქმით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების შესწავლას, სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.

„ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზებისა და დარღვევების აღმოჩენასა და შესაბამის რეაგირებას. სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში. სამეურვეო საბჭომ მიიღო და დაეთანხმა სამინისტროს დასკვნას დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ. თუმცა დირექტორს შეუნარჩუნდა თანამდებობა. ასევე, განათლების სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია.

​სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 98 დასკვნა, 49 სკოლას მიეცა მითითება და გაფრთხილება. 9 სკოლის დირექტორი გათავისუფლდა თანამდებობიდან და ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა. ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ 20 კანონდარღვევის საქმე.

რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ვერ და არ იქნებოდა შეჩერებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მედია ბოლო პერიოდში სხვადასხვა ხერხებით ცდილობს, შეიჭრას საჯარო სკოლებში და ამით დააზარალოს საგაკვეთილო პროცესი“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

განათლების სამინისტრო ასევე ავრცელებს სკოლების შემოწმების შესახებ ბოლო ორი წლის სტატისტიკასაც:

2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული სამსახურის მიერ დაიწერა 98 დასკვნა (მათ შორის 10 ინსპექტირება). შედეგად, მითითება მიეცა 49 სკოლას, გაფრთხილება – 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე. 2017 წელს განხორციელებული შემოწმებით დაიწერა 110 დასკვნა (მათ შორის 24 ინსპექტირება); შედეგად მითითება მიეცა 74 სკოლას, ხოლო გაფრთხილება – 35 სკოლას; გათავისუფლდა – 17 სკოლის დირექტორი; 2 სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა და სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 16 საქმე.