ნათია თურნავამ USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
ნათია თურნავამ USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სფეროზე, აღნიშნულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოება. ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან. ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

USAID-ის მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, ნათია თურნავასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.

USAID-ი საქართველოსა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ენერგოუსაფრთხოება გულისხმობს საქართველოს ბუნებრივ, განახლებადი ენერგიის წყაროებს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ და როგორ უნდა განახორციელოს ინვესტიციები თავისი ენერგეტიკული მომავლის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ეს გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მათ შორის ჰიდროენერგეტიკული, თერმული ენერგიის, მზის ენერგიისა და ქარის ენერგიას“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.