ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია გამართა
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია სახელწოდებით, „ეკონომიკა – 2030“ გამართა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 10-წლიან სამთავრობო გეგმაში ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინკლუზიური ზრდისკენ, ეკონომიკურ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობისა და მდგრადი განვითარებისკენ.

კერძოდ, 2012 წლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი კლებულობს. მინისტრის განცხადებით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე დაახლოებით 10 პროცენტამდე დაიკლებს. პრეზენტაციაში საუბარი იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებაზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების წახალისების პროგრამა და შედეგად, გაიზრდება პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილი ბიზნეს საქმიანობების 211-დან დაახლოებით 350-მდე.

გარდა ამისა, პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ასევე მხარდაჭერილი იქნება იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობა, სადაც ახალშობილის დაბადების გამო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დადგება დღის წესრიგში.

მინისტრის ინფორმაციით, წარმატებით გაგრძელდება მოლაპარაკებები მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მიხედვით, თუკი დღეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული აქვს 46 ქვეყანასთან, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 57 – მდე გაიზრდება. პრეზენტაციის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმის სექტორის გამოყვანას დაეთმო.

ნათია თურნავას თქმით, აღნიშნულ დარგს ინკლუზიურობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის.

„2019 წელს, როდესაც საქართველოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან დაახლოებით 3,3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2030 წლისთვის, ტურიზმის სექტორის სტიმულირებით, ეს მაჩვენებელი 6,5 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 13 მლნ-ს შეადგენს.

საქართველო აქვს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ისეთი მიმართულებების განვითარებას, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, რეგიონული ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორში. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, კავშირგამბულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სხვ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აქტიურად გაგრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული პროექტია და სხვა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ლოგისტიკურ პროექტებთან ერთად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ინვესტიციები ხორციელება გაგრძელდება ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში.

„ჩვენ ვგეგმავთ ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებას 2025 წლისათვის, როდესაც საქართველოს დასახლებული პუნქტების უმეტესობა ჩართული იქნება ინტერნეტში. ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა მათ მიიღონ უკეთესი განათლება; ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც შეძლებენ ქსელის მეშვეობით იპოვონ ბიზნეს პარტნიორები და გასაღები ბაზრები და ა.შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სტარტაპების მხარდაჭერა, რომელიც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების გლობალური პროექტის ნაწილია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტზე, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის მეშვეობით. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ საქართველოს მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არის უცვლელი. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.

მისივე თქმით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს.

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მეტი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მეტი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმის განხორციელება. მათ შორის, პრიორიტეტულია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შედეგადაც კერძო სექტორს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი გაუუმჯობესდება.

თურნავას განმარტებით, წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.

„სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს აქვს 10 მლრდ აშშ დოლარის სასარგებლო წიაღისეული, საიდანაც ინდუსტრიული მარაგები 3 მლრდ აშშ დოლარია. წიაღის რეფორმის შედეგად გაგრძელდება სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. საქართველოს საქართველო ლიდერია რეგიონში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის კუთხით, რომლის მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.

პრეზენტაციას პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.