ნათია თურნავამ საერთაშორისო სანქციების რისკის მართვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ საერთაშორისო სანქციების რისკის მართვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საკონსულტაციო კომპანია EDDWISE-ის მიერ გამართულ საერთაშორისო სანქციების რისკების მართვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ყველა რესურსს იყენებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესასრულებლად. მისივე განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების პლატფორმად.

„სებ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, OFAC-თან და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან, რათა მათგან მიიღოს კონკრეტულ საკითხებზე რჩევები და სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ კონსულტაცია. სფეროს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, გამოცდილების გაზიარება სანქციების აღსრულების და რისკების მართვის კუთხით მნიშვნელოვანია და მჯერა, დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულ როლს ითამაშებს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ სანქციების აღსრულების მართვის გაფართოებულ მექანიზმებზე, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა შესრულების მეთოდოლოგიასა და მონიტორინგის სისტემებზე, რომლებიც ბანკების დისტანციური და ფიზიკური ინსპექტირების დროსაც მოქმედებს.

EDDWISE-ის მიერ გამართული ღონისძიება საერთაშორისო სანქციებთან მაქსიმალური შესაბამისობის მისაღწევად ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ორდღიანი ტრენინგების მთავარი მომხსენებლები მაღალი რანგის უცხოელი სპიკერები არიან.

ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.