ნათია თურნავამ ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინშეხვედრა გამართა
ნათია თურნავამ ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინშეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრა გამართა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან, აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის აღდგენის პირობებზე.

აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, მიღებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა კი ქვეყანა დააყენა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პირველები გახსნიან საკუთარ ტურისტულ ბაზარს შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც პანდემიამდე რეგულარულ რეისებს ასრულებდა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, მზადაა აღადგინოს აღნიშნული მიმართულებით ფრენები. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც.

ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანი.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.