ნათია თურნავა - ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში
ნათია თურნავა - ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში

ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა, ნათია თურნავამ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

ასევე, მინისტრმა ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა და ამ სფეროში დასაქმებულები დააჯილდოვა.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1 150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე – ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები. ეს არის გარღვევა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში.

გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2 000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები, მაგალითად, ახლახან დაწყებული „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, ასევე მიკროჰიდროსადგურები, როგორიც ავამოქმედეთ, მაგალითად, შატილში, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ასევე გაზით და სხვა სიკეთეებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბური გაზიფიცირების ფარგლებში დღემდე უკვე 1 000 ისეთი დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული, სადაც ისტორიულად, გაზი არასოდეს ყოფილა, 2021 წელს, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ამ სიას კიდევ 400 დასახლებული პუნქტი შეემატება და მთლიანობაში, საქართველო გაზიფიცირების დონით 90 პროცენტს დაფარავს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მთა-გორიანი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.