ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს
ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე – ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვა.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ლიდერობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ ერთობლივ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ბიზნესპროექტს. დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700-ზე მეტი კომპანია საქმიანობს და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი, როგორც ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისთვის, ასევე აზერბაიჯანული ბიზნესისთვის საქართველოში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების შესახებ თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს.

„თუ ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალისხმევას საერთო კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, ეს ორივე ქვეყანას სიკეთეს მოგვიტანს“, – განაცხადა მან.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს სხვა პრიორიტეტული საკითხებიც, რომლებიც აქტუალური იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება.

დატოვე კომენტარი