ნათია თურნავამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით გეგმები გააცნო
ნათია თურნავამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით გეგმები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით უწყების გეგმები გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მსჯელობა გვქონდა 20 ივნისის კრიზისის შემდგომ ქართულ ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ინვესტიციების სფეროში, ინვესტორების მოლოდინებზე, საინვესტიციო გარემოზე და დავსახეთ გეგმები, როგორ გადავლახოთ ეს ერთობლივად – ნეგატიური ზემოქმედება უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმის სექტორზე ზემოქმედება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ღონისძიებები, რომლებიც საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

ამასთან, მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან პრივატიზაციის ფარგლებში კომპანიების მიერ 80 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება იქნა აღებული.

„ეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ინვესტორებთან ურთიერთობაზე და მათ მოზიდვასა და ინვესტირების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვედრისას საინვესტიციო გარემოზე მომხდარი ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად დაგეგმილი რამდენიმე მიმართულება გააცნო: პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება; ქონების გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებებით; მიწის რეგისტრაცია მისი ბრუნვაში უფრო სწრაფად ჩართვის მიზნით. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ერთი ფანჯრის პრინციპის“ მუშაობა.

„ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ძალიან ბევრი ნებართვის მიმართულებით და ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ დღეს ბიზნესს, მაგალითად, წიაღისეულზე და მიწაზე საკუთრების უფლებები, ან ნებართვები ახალი ჰესების აშენებაზე – ერთდროულად მიწაზე და უძრავ ქონებაზე უფლებები, თუ როგორ დავაჩქაროთ უძრავი ქონების პრივატიზებისას მშენებლობის ნებართვების აღება და ა.შ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი