ნათია თურნავა - საამაყოა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა მაღალი ნდობა
ნათია თურნავა - საამაყოა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა მაღალი ნდობა

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მადრიდში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ასამბლეის 24-ე სესიაზე 2021-2025 წლებში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს. კენჭისყრისას მას ასამბლეის წევრმა 85-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 26.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ასამბლეაზე საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის.

ამავე ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია გაიმართება, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება.

საქართველოდან სესიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული.