ნათია თურნავა - ყველანი ვართ ყურადღებით იმ ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლებთანაც ვგეგმავთ რეგულარულ ფრენებს
ნათია თურნავა - ყველანი ვართ ყურადღებით იმ ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლებთანაც ვგეგმავთ რეგულარულ ფრენებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის მთავარი და განმსაზღვრელი არის ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოება.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

„თავად ევროკავშირმა დააწესა ასეთი მიდგომა, 15 ქვეყნის სია გამოქვეყნდა, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ მოხდება მისი გადახედვა, რომელიმე ქვეყნის გამოკლება ან რომელიმე ქვეყნის დამატება.

რადგანაც ჩვენ ორმხრივ მოლაპარაკებაში ვართ თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი გადაწყვეტილება მოხდება როგორც ჩვენთან, ასევე მათთან ეპიდემიოლოგიური ვითარების გაანალიზების საფუძველზე. თუკი რამე მოხდა რომელიმე ამ ქვეყანაში, რაიმე სახის გართულება, რომლებმაც ჩვენ უკვე უპირობოდ გაგვიხსნეს საზღვრები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ასეთი ალბათობა ყოველთვის არსებობს, თავად ეს ქვეყანა აიღებს ხოლმე პირველ რიგში პრევენციულ ღონისძიებებს.

თქვენ გახსოვთ, მაგალითად ისრაელთან მიდიოდა ძალიან აქტიური მოლაპარაკება, მაგრამ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით პირველ ჩარტერებს, პირველ ფრენებს ისრაელთან, თავად ისრაელის მთავრობამ გააანალიზა რა საკუთარი რისკები, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდით გადაედო გარე საზღვრების გახსნა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე აღარ მოხდება იმ ქვეყნებთან მაინც, ვისთანაც ჩვენ ვგეგმავთ რეგულარულ ფრენებს, მაგრამ ყველანი ვართ ყურადღებით. მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობის დაცვა არის ყველაზე უპირატესი უფლება, რომელსაც ჩვენ ვიცავთ“, – აცხადებს ნათია თურნავა.

საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.