ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ  აშშ-სგან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა მეტად იყოს ტრანსლირებული ერთობლივ ეკონომიკურ ურთიერთობებში
ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აშშ-სგან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა მეტად იყოს ტრანსლირებული ერთობლივ ეკონომიკურ ურთიერთობებში

აშშ-ის ინვესტორებს ვახვედრებთ სტაბილურ, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ეს ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას სტრატეგიული პარტნიორისადმი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის შეფასებისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ფაქტია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც აშშ-ის კონგრესმა ასე ცალსახად, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც წლების მანძილზე ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, კიდევ უფრო მეტად იყოს ტრანსლირებული ერთობლივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ვსაუბრობთ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც დიდი იმედია, დაიწყება საქართველო-აშშ-ს შორის. ასევე, ამერიკული 300-მდე კომპანიაა აქტიური საქართველოში სხვადასხვა კაპიტალის მონაწილეობით.

ჩვენს საინვესტიციო პანელზეც მონაწილეობდა ერთ-ერთი ამერიკული საინვესტიციო ფონდი. ამერიკელები საქართველოში ინვესტიციებს აქტიურად დებენ. ჩვენი მხრიდან ვახვედრებთ მათ სტაბილურ, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.