ნათია თურნავა - ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, თუ მცირე ბიზნესი
ნათია თურნავა - ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, თუ მცირე ბიზნესი

ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო თუ მცირე ბიზნესი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი რამდენიმე ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს გამოეხმაურა.

„რამდენადაც მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა ტელევიზიებს და განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ძველი დავალებების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები იქნება პირნათლად შესრულებული. ახლა ეს ინკასო, რამდენადაც მე ვიცი, არის მიმდინარე ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეული. ეს არის გადასახადები და ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, თუ მცირე ბიზნესი. არაფერი უჩვეულო აქ არ არის, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“,- განაცხადა ნათია თურნავამ​.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.