ნათია თურნავა - ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება, იმაზე მალე, ვიდრე ვგეგმავდით
ნათია თურნავა - ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება, იმაზე მალე, ვიდრე ვგეგმავდით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპენსაციების გაცემის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის მიდგომა მაქსიმალურად ლიბერალურია, თუნდაც თვითდასაქმებულების მიერ შემოსავლის დადასტურების თვალსაზრისით.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვების არსებობა ბუნებრივია.

თუმცა, მინისტრი ფიქრობს, რომ კომპენსაციების გაცემის პროცესი ორგანიზებულად წარიმართება.

„კომპენსაციების გაცემა არის ცოცხალი პროცესი. რაც მთავარია, ჩვენი კომპენსაციების გაცემის გეგმა ყველა კატეგორიას ითვალისწინებს. მაქსიმალურად ლიბერალური მიდგომა გვაქვს იმ თვალსაზრისით, თუნდაც თვითდასაქმებულებმა როგორ დაადასტურონ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ და ეკუთვნით ეს კომპენსაცია. აქაც ძალიან ლიბერალურად ვუდგებით. კითხვები ბუნებრივია, რადგან ძალიან დიდია ინტერესი და ყველაფერი წავა ორგანიზებულად ისე, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხს, ნათია თურნავას განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება იმაზე მალე იქნება მიღებული, ვიდრე დაგეგმილი იყო.

„ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- დასძინა ნათია თურნავამ.