ნათია თურნავა - წყალტუბოს განვითარებაში კერძო ბიზნესმა თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვას
ნათია თურნავა - წყალტუბოს განვითარებაში კერძო ბიზნესმა თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვას

წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ექვს ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო თავის თავზე აიღებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურორტ წყალტუბოს კომპლექსურ განვითარებაში.

ნათია თურნავას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვას კერძო ბიზნესმა.

„ასეთი შეხვედრები გაგრძელდება კერძო სექტორთან, პოტენციურ ინვესტორებთან, ბანკებთან, რადგან ამის შემდეგ ვაპირებთ, ამ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივის ფონზე, შემცირებული რისკებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების ცნობილი გეგმით, საბაზრო პირობებით შეთავაზებას, პირველ რიგში, კერძო სექტორისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს იქნება კონკურენტული პროცესი, რომელშიც ყველა ჩაერთვება.

„აქამდე, წლების განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა კერძო სექტორის მასშტაბური ჩართვა და განკერძოება. ვფიქრობთ, ახლა, ამ საქველმოქმედო ინიციატივის ფონზე, ჩვენი გაცხადებული გეგმის ფონზე ეს ობიექტები კერძო სექტორისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნება. ვისურვებდით, რომ პირველ რიგში, მოხდეს ამ ობიექტების კონკურენტული შეთავაზება კერძო ბიზნესისთვის“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.