ნათია თურნავა - ვულოცავ ზურაბ აზარაშვილს, ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა
ნათია თურნავა - ვულოცავ ზურაბ აზარაშვილს, ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და აცხადებს, რომ სამთავრობო გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შეუერთდა.

თურნავას თქმით, ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონეა და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა.

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ამ ამოცანას ახალი მინისტრი ეკონომიკური გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაართმევს თავს.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს ახალ კოლეგას. ჩვენს გუნდს შემოუერთდა საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი, ჩემი კოლეგა ეკონომისტი, ფინანსისტი. საერთოდ, მივესალმები, რომ რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, მართლაც წარმატების საწინდარია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე, მთლიანობაში 6 მილიარდზე მეტი არის, განსაკუთრებით „კოვიდის“ პერიოდში მისი რესურსტევადობა გაიზარდა – „კოვიდი“ არსად წასულა, ეს გამოწვევა წინ არის. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა. ეს ერთი ამოცანაა, რასაც რასაკვირველია, ახალი მინისტრი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე რომელიღაც სხვა სპეციალობისა და პროფესიის ადამიანი.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს გამოწვევა – ფასები. ფასები და ხარისხი სხვადასხვა სერვისის, მათ შორის ჯანდაცვის სერვისების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ადეკვატური ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისები. ესეც დიდადაა დამოკიდებული ჯანდაცვის სექტორის რეფორმის შემდგომ ეტაპზე. ეს დიდად არის დამოკიდებული სწორ გათვლებზე, ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე. ვფიქრობ, აქ იქნება ძალიან დიდი როლი ახალი მინისტრის და მისი ეკონომიკური გამოცდილების“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.