ნათია თურნავა - ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროფესიული განათლების სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატები და დიპლომები ევროკავშირში იყოს აღიარებული
ნათია თურნავა - ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროფესიული განათლების სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატები და დიპლომები ევროკავშირში იყოს აღიარებული

დასაქმების პრაქტიულ პოლიტიკაზე საუბრისას, პირველ რიგში, ვგულისხმობთ, როგორ უნდა შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ჩვენი უფლებების რეალიზება. ეს უფლებები მოგვენიჭა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ღირსეული, ლეგალური დასაქმების უფლებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს.

„ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებაა, რომ საერთო ევროპულ სახლში არ მარტო დასასვენებლად დავდიოდეთ, ან ვვაჭრობდეთ, არამედ გვქონდეს ერთობლივი ბიზნესები, ასევე საქართველოში მიღებული განათლების ევროპაში აღიარების შესაძლებლობაც. ყოველივე ამას ორგანულად მოჰყვება ის, რომ ადამიანები შეძლებენ, თავად აირჩიონ, როდის და სად უნდათ ლეგალურად დასაქმება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ყველგან დაიცვას მათი უფლებები და ასევე იყვნენ თანაბარ და კონკურენტულ მდგომარეობაში კონკრეტული ევროპული ქვეყნის მცხოვრებლებთან. ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ და ახლა გვინდა ამის რეალიზება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების სექტორის რეფორმაზე და კონკრეტულად პროფესიულ განათლებაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებთან, სადაც უმთავრეს პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა დასახელდა.

ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ვითარებაა ტექსტილის სექტორში, ენერგეტიკაში, მშენებლობაში და სხვ.

„ჩვენ, პირველ რიგში, იმაზე ვმუშაობთ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში მომზადებული და გადამზადებული ადამიანების მიერ მიღებული სერტიფიკატები და დიპლომები აღიარებული იყოს მთლიანად ევროკავშირში. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მოვამზადებთ კადრებს, რომლებიც იქნებიან კონკურენტულები არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ევროპული მასშტაბით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.