ნათია თურნავა - ვინმესთან თანამშრომლობა თუ მექნება, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებთან, ეს მოხდება საჯაროდ და კანონმდებლობის ფარგლებში
ნათია თურნავა - ვინმესთან თანამშრომლობა თუ მექნება, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებთან, ეს მოხდება საჯაროდ და კანონმდებლობის ფარგლებში

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-სპიკერის, ნათია თურნავას განაცხადებით, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, ის მიკერძოებული არ იქნება.

„მე, როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, საქართველოში ვიცნობ თითქმის ყველა ბიზნესმენს, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებსაც. ეს ნამდვილად არ არის საფუძველი იმისა, რომ ვინმემ მიკერძოებაში დამადანაშაულოს. თავადაც ნახავთ ამას, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც გააგრძელებს საქმიანობას თავისი მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, ხომ არ გქონდათ ბოლო პერიოდში კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, ვანო ჩხარტიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან, ნათია თურნავამ განაცხადა:

„მესმის თქვენი კითხვის მოტივაცია. არანაირი ისეთი თანამშრომლობა არ განხორციელებულა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველა შეძლებთ, იმსჯელოთ, ჩვენ ვართ ობიექტურები თუ მიკერძოებული. მე არ ვარ მარტო ეროვნული ბანკის მენეჯმენტში, მთლიანი გუნდი რჩება და ასრულებს თავის მოვალეობას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს. აქედან გამომდინარე, კვლავაც ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ გექნებათ საფუძველი, რომ რაიმე ეჭვები გამოთქვათ. ახლა უსაფუძვლო ეჭვებისკენ მიგყავთ დისკუსია. გინდათ, გაგცეთ პასუხი, რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მაქვს თუ არა დღეს აღნიშნულ პირებთან? ბიძინა ივანიშვილზე შემიძლია გითხრათ, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და წავიდა, პირადად მე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. დარწმუნებული ვარ, არც ჩემს ყოფილ კოლეგებს. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, ვიცნობ. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ყოფილი მინისტრი იყო. მე და უჩა მამაცაშვილი საპარტნიორო ფონდში ვიყავით კოლეგები და ვფიქრობ, საქართველოში ნაცნობობა დანაშაული არ არის. რაც შეეხება საკითხს, მქონდა თუ არა რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გავხდი, ვერ მექნებოდა, რადგან არააღმასრულებელი წევრი გახლდით და, ზოგადად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების მიღებაში არ ვმონაწილეობდი. მომავალში ვინმესთან თანამშრომლობა თუ მექნება, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებთან, თქვენთვის ნაცნობ სახელებთან და გვარებთან, ეს მოხდება საჯაროდ და კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.