ნათია თურნავა - ვიმედოვნებ, რესტორნები არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს
ნათია თურნავა - ვიმედოვნებ, რესტორნები არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს

დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის, წესებისა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოყვება მკაცრი რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რესტორატორთა ასოციაციის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 6 თებერვლიდან, შეზღუდვის მიუხედავად, რესტორნების გახსნას აპირებენ.

„წინა ორშაბათს, ანუ 25 იანვარს გვქონდა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა. ეკონომიკური გუნდი, ჩვენი მხრიდან მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ჩემი კოლეგა ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი ამირან გამყრელიძე, ბიზნესომბუდსმენი, შევხვდით სარესტორნე ინდუსტრიას. იქ წარმოდგენილები იყვნენ როგორც რესტორატორთა ასოციაციების ხელმძღვანელები, ასევე ცალკეული რესტორნები. გვქონდა საკმაოდ დეტალური განხილვა, როდესაც ჩვენ გავაცანით მიდგომები და კრიტერიუმები, თუ რითი ვსაზღვრავთ ამა თუ იმ ბიზნესის გახსნას, მათ შორის სარესტორნო ინდუსტრიასთან მიმართებით. ასევე, ვიმსჯელეთ აჭარაში უკვე მომხდარ გახსნაზე, სადაც ღია სივრცეები პირველი თებერვლიდან უკვე არის დაშვებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მხარეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არსებობს.

„გარდა ამისა, ჩვენც, სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციას პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია ხან ონლაინ, ხან ფიზიკური შეხვედრით ტურისტულ ინდუსტრიასთან, მათ შორის, რესტორნებთან. გასაგებია, იმის გამო, რომ რესტორნები მთელ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის, წესებისა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება, ჩვენ, იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვეძებთ გამოსავალს. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვთქვამ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით, არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება მათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ, თუმცა, აი, ასეთი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.