ნათია თურნავა - ვფიქრობთ, რომ „თელასი“ საკმაოდ სარფიანად შეიძლება გაიყიდოს
ნათია თურნავა - ვფიქრობთ, რომ „თელასი“ საკმაოდ სარფიანად შეიძლება გაიყიდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა ცოცხლდება და ინტერესი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან პრივატიზაციის მიმართ საკმაოდ მაღალია.

მინისტრის თქმით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გარკვეულ ფილტრებს აწესებს და პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე.

ნათია თურნავა სს „თელასის“ პრივატიზებასთან დაკავშირებით რაიმე რისკებს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ კომპანია საკმაოდ კარგ ფასად გაიყიდება.

„ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეკონომიკურ აქტივობას, ძალიან ხშირად საქსტატიც აქვეყნებს ამ ციფრებს, ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა ცოცხლდება. ანუ არ არის ისეთი ვითარება, რომ დავუშვათ ფასები იყოს დაცემული. იგივე უძრავ ქონებაზე, ფასები კვლავაც საკმაოდ სტაბილურია. ზოგადად ეკონომიკაში გამოცოცხლებაა, ინტერესი არის პრივატიზაციის მიმართ. თუ გადახედავთ პრივატიზაციის ციფრებს, 2019 წელთან შედარებით არის საკმაოდ დიდი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად პანდემიისა და შეიძლება სწორედ იმის გამო, რომ გლობალურად პანდემიაა და საქართველო უკეთ გამოიყურება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინვესტორები, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები მონაწილეობენ პრივატიზაციაში. რაც შეეხება უშუალოდ „თელასს“, თქვენ იცით, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკუთრებასთან და გასხვისებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ფილტრებს აწესებს, ანუ ეს პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე, ეს პროცესი უნდა იყოს მართული, ასე რომ აქ რაიმე რისკებს ვერ ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სარფიანად შეიძლება გაიყიდოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის – 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი გამოაცხადა. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა 50,000 ლარია.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და ხვალ, 9 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.