ნათია თურნავა - ვაკონტროლებთ საქონლის არსებობას როგორც მარაგებში, ასევე დახლებზე, ვადარებთ ფასების დინამიკას და ვახდენთ რეაგირებას
ნათია თურნავა - ვაკონტროლებთ საქონლის არსებობას როგორც მარაგებში, ასევე დახლებზე, ვადარებთ ფასების დინამიკას და ვახდენთ რეაგირებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია ამბობს, რომ საკვები პროდუქტის საკმარისი მარაგი არსებობს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, გარკვეული სახის ბურღულეულზე მოკლევადიანი შეფერხება იყოს, თუმცა ამის მარაგიც პრაქტიკულად გზაშია.

„რაც შეეხება დეფიციტის საკითხს, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ დღეს არის უბრალოდ საუბარი აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე. ამას საფუძველი არ გააჩნია, რადგან მარაგები ადგილზე არის საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული  მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება, შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაში, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, ეს არა იმიტომ ხდება, რომ მარაგთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსი დროებით არის გადაკეტილი და შეფერხებულია სატვირთო მანქანების გადაადგილება, მაგრამ საკმარისი მარაგი არის გზაში და ეს უბრალოდ რამდენიმე დღის საკითხია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, იყო გარკვეული ერთეული ფაქტები ფასებთან დაკავშირებით, თუმცა ბიზნესი მთლიანობაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას და მთავრობასთან თანამშრომლობს.

„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან ნათელი განცხადება. არ დაუზუსტებია კონკრეტული ბიზნესები და მეც თავს შევიკავებ, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ფაქტები საბედნიეროდ. მთლიანობაში ბიზნესი ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება შექმნილ ვითარებას და თანამშრომლობს ჩვენთან. ეს შეეხება მათ შორის საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტიორებს, ასევე სავაჭრო ქსელებსაც, რომლებიც ძალიან ღიად და გახსნილად თანამშრომლობენ ჩვენთან. თუკი ასეთი ერთეული ფაქტები გამოვლინდება, ჩვენ ამას ძალიან მკაცრად ვუწევთ მონიტორინგს, საუბარია გაუმართლებელი ფასების ზრდის გარკვეულ ფაქტებზე. ამას ვაკონტროლებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბერკეტით. შექმნილია ერთობლივი ჯგუფები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, ხდება ყოველდღიური მონიტორინგი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, კონტროლდება, როგორც მარაგები ასევე პროდუქტების დახლებზე არსებობის საკითხი და ფასები.

„ჩვენ ვაკონტროლებთ კონკრეტული საქონლის, როგორც არსებობას მარაგებში, ასევე დახლებზე, ქსელებში. ვადარებთ ფასების დინამიკას, ვაკეთებთ დასკვნებს და ვახდენთ რეაგირებას. მოსახლეობისთვის მთავარია, რომ დაინახონ შედეგი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.