ნათია თურნავა - ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი
ნათია თურნავა - ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი

ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს შესაბამისი რესურსი, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც ვაქცინაცია დაიწყება.

„გვაქვს რესურსი, რაც დაგვჭირდება, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში და დროულად დაიწყოს ვაქცინაცია, თანხა მოინახება. ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. ახლა, კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამაზე ჩემი კოლეგები მოგახსენებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შექმნილი არის სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები, რადგან ეს არის კომპლექსური საკითხი და არა მარტო ჯანდაცვის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული, ასევე ჩვენ – ეკონომიკის სამინისტრო ლოგისტიკის ნაწილში და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.