ნათია თურნავა - ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა, 60-მდე მცირე ზომის და ერთი 1 კგ-იანი ოქროს ზოდი გაიყიდა, რაც ადასტურებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული
ნათია თურნავა - ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა, 60-მდე მცირე ზომის და ერთი 1 კგ-იანი ოქროს ზოდი გაიყიდა, რაც ადასტურებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოქროს ზოდების გაყიდვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა.

თურნავას თქმით, მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატების გამოშვება და ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო.

„ეს არის ჩვენი ახალი ინიციატივა. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღესდღეობით იზრდება მოთხოვნა ოქროზე, როგორც საინვესტიციო რესურსზე და შევთავაზეთ საქართველოში ნებისმიერ მომხმარებელს, შეიძინოს ორი ტიპის პროდუქტი. ერთია მცირე ზომის, 20-გრამიანი ოქროს ზოდები, არსებობს 1 კგ-იანი ზოდებიც. აგრეთვე, საბანკო სისტემის მეშვეობით, ე.წ. ოქროს სერტიფიკატები, ანუ ფასიანი ქაღალდი, რომლის წარდგენის შემდეგაც ეროვნული ბანკი იმავე წონის ოქროს გასცემს. ვაჭრობის პირველმა დღემ, რომელიც გუშინ დავიწყეთ, მოლოდინს გადააჭარბა, რადგან 60-მდე მცირე ზომის ოქროს ზოდი და ერთი 1 კგ წონის ზოდი გაიყიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, რათა ნებისმიერ კლიენტს, ვისაც ეს დააინტერესებს, შევთავაზოთ უფრო დივერსიფიცირებული როგორც დაზოგვის, ასევე ინვესტიციის საშუალება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.