ნათია თურნავა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა
ნათია თურნავა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც ქვეყანას დიდად დაეხმარება დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის მქონე ისეთი სპეციალისტის გამოცდილება, როგორიცაა ვაზილ ჰუდაკი.

მინისტრმა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს გააცნო სამინისტროს მიერ მიმდინარე საინვესტიციო სტრატეგია და პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის გააქტიურებისა და კაპიტალის მოზიდვის კუთხით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მთელ რიგ პროგრამებზე, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა წარმოადგენს. ითქვა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, წარმატებით ხორციელდება საინვესტიციო ლოკაციების საკონსულტაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშშ – ისა და ევროპის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პოპულარიზებას ეწევიან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.