ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული
ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული

უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდპასპორტში დატანილი იქნება მოქალაქის ისტორია კორონავირუსთან დაკავშირებით, მათ შორის ვაქცინაციისა და ტესტირების შესახებ ინფორმაცია.

კოვიდპასპორტი არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე. საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა ამ ინიციატივას დაუჭირეს მხარი. ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ელექტრონული პლატფორმის კოვიდპასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც, ვისაც ძლიერი ინტერნეტ სერვისები, აიტი პერსონალი და სამსახურები აქვთ. უახლოეს პერიოდში კოვიდპასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით იქნება წარდგენილი და დამტკიცებული. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულადაც და ამობეჭდილი სახითაც შეიძლება ვიქონიოთ. მასში იქნება სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჩაუტარდა ადამიანს სრული ვაქცინაცია, აქვს თუ არა გაკეთებული „პისიარ“ ტესტი,  რა არის „პისიარ ტესტის“ პასუხი და კოვიდთან დაკავშირებული სრული ისტორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება თუნდაც ქვეყნის გარეთ გასამგზავრებლად. მართალია ჯერ სხვა ქვეყნები ჩვენსავით მხოლოდ ამუშავებენ მსგავს დოკუმენტებს, მაგრამ მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უკვე არის ინფორმაციის მიმოცვლა და ჩვენ ამ შემთხვევაში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთ ძალიან მორგებულ, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ მექანიზმს შესთავაზებს ჩვენს მოსახლეობას.

საუბარია იმაზე, რომ როდესაც ადამიანები იქნებიან უსაფრთხოდ, კომპანიები, ბიზნესები იქნებიან უსაფრთხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, არსებული შეზღუდვები მათთვის უპირატესად შევამსუბუქოთ“, – განაცხადა თურნავამ.