ნათია თურნავა - მარტში ექსპორტის 31-პროცენტიანი ზრდა ეკონომიკის გამოცოცხლებას ადასტურებს
ნათია თურნავა - მარტში ექსპორტის 31-პროცენტიანი ზრდა ეკონომიკის გამოცოცხლებას ადასტურებს

თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით 31 პროცენტით, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

მინისტრის განცხადებით, 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პარამეტრი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი ექსპორტის მოცულობის მიხედვით რეკორდული იყო საქართველოსთვის.

„ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მარტში იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 5.3 პროცენტით და 821.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე და 1,952.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.