ნათია თურნავა - თუშეთში მცხოვრებ ექიმს, ირაკლი ხვედაგურიძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
ნათია თურნავა - თუშეთში მცხოვრებ ექიმს, ირაკლი ხვედაგურიძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთში მცხოვრებ ლეგენდარულ ექიმს, ირაკლი ხვედაგურიძეს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა და დაუკანონდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, სოფელ ბოჭორნაში, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ირაკლი ხვედაგურიძე არის ლეგენდარული ადამიანი, ლეგენდარული ექიმი, რომელსაც, საქართველო იცნობს, მათ შორის, მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მრავალი სიუჟეტიდან. ეს ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, ზამთარ-ზაფხულ, მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მზად არის ფეხით, ცხენით ნებისმიერ ადგილობრივ მცხოვრებელთან მივიდეს დასახმარებლად და შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა. ამ ადამიანმა ასევე ააღორძინა, პრაქტიკულად, მიტოვებული სოფელი ბოჭორნა, რომელიც ზღვის დონიდან ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული სოფელია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ირაკლი ხვედაგურიძე ამჟამად 84 წლისაა და ასაკის მიუხედავად, ყოველდღიურად რამდენიმეკილომეტრიან ურთულეს გზას გადის და თუშეთის 50-მდე სოფელს ემსახურება. 20 წელიწადზე მეტია, რაც ირაკლი ხვედაგურიძე მთისთვის დამახასიათებელ ურთულეს კლიმატურ პირობებში ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, ნებისმიერი საშუალებით (ფეხით, ცხენით, თხილამურით) მიდის იქ, სადაც ექიმის დახმარება სჭირდებათ. მისმა პროფესიონალიზმმა და გულისხმიერებამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.