ნათია თურნავა - ტურიზმის სფეროს აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით, გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც საქართველოში ტურისტები მოფრინავენ
ნათია თურნავა - ტურიზმის სფეროს აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით, გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც საქართველოში ტურისტები მოფრინავენ

ტურიზმის სფეროს აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით, 50%-ზე მეტით აღდგა ფრენები და გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც საქართველოში ტურისტები მოფრინავენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ტესტირების პირობებსაც შეეხო.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს საკუთარი მოქალაქეების უკან შეშვების სხვადასხა წესი და ეს შემაფერხებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით; 50%-ზე მეტით აღდგა ფრენები და გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც ჩვენთან ტურისტები მოფრინავენ. ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა 200%-ს აღემატება. მაქსიმალურად ვცდილობთ ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა იყოს კომფორტული. მაგალითად, 72 საათში ერთხელ ტესტირებას ძირითადად კერძო ლაბორატორიებში ხდება. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე რეგიონში, თუნდაც აჭარაში, ამ თვალსაზრისით შეფერხებაა, დავეხმარებით, რათა უფრო აქტიურად იმუშაონ. რაც შეეხება ტესტირების საფასურს, ეს ის საფასურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ. ვაფინანსებთ მათ ტესტირებას. რაც შეეხება ჩამოსულ ტურისტებს, ეს მათთვის მნიშვნელოვანი ხარჯი არაა. ესაა ხარჯი, რომელიც გაღებულია მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა აჭარაშიც.

„ჩვენ გავითვალისწინეთ კერძო სექტორის წუხილი და ჯანდაცვის სამინისტრომ გახსნა დამატებითი ვაქცინაციის პუნქტი აჭარაში, რადგან დატვირთვა დიდია და რა თქმა უნდა,  ადამიანებს, ვინც სასტუმროებს და რესტორნებს ემსახურებიან, უჭირთ, რომ თბილისში ჩამოვიდნენ. მოთხოვნა მაღალია და გეგმაზომიერად ხდება ვაქცინაცია“, – განაცხადა თურნავამ.