ნათია თურნავა - ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება, ჩვენი ყურადღების ცენტრში ბაკურიანი იქნება
ნათია თურნავა - ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება, ჩვენი ყურადღების ცენტრში ბაკურიანი იქნება

ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება, განსაკუთრებით სამთო მიმართულებით. ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად იქნება ბაკურიანი, სადაც 2023 წელს იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატი, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 97 დასახლებულ პუნქტში ბუნებრივი აირის შეყვანა იგეგმება.

„ორ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი. ერთია კაპიტალური პროექტების დაჩქარება. ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა უნდა დაჩქარდეს ქვეყანაში და მეორე მიმართულებაა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. საუბარი გვაქვს განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობაზე. გამოვყოფდი გაზიფიცირების პროგრამას, რომელიც წელს დაიწყო.

2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. ბიუჯეტს ემატება 20 მილიონი ლარი, ჯამში 60 მილიონ ლარს შეადგენს გაზიფიცირების ბიუჯეტი. 97 დასახლებულ პუნქტში ვგეგმავთ ბუნებრივი აირის შეყვანას. სულ მცირე 1000 ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ მცირე ბიზნესის მხარდაჭერას. გვაქვს მიღებული დავალება პრემიერისგან და გავაძლიერებთ პროგრამების ეფექტურ მართვას, გავხდით უფრო მიზნობრივს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ პრივატიზების პროცესზეც ისაუბრა.

„გამოვყოფდი პრივატიზების პროცესს. ეს არის ჩვენი ერთ ერთი პრიორიტეტი. წელს გვქონდა დაგეგმილი 60 მლნ ლარი შემოსავალი პრივატიზებიდან, ეს გეგმა შესრულებულია და ვმუშაობთ გადაჭარბებაზე, მაგრამ არ არის საკმარისი. ავიღეთ ვალდებულება, გაისად დავაჩქაროთ პრივატიზების ტემპი და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსულობები. ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებსაც უფრო ეფექტიანი განკარგვა სჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ“,- განაცხადა თურნავამ.