ნათია თურნავა - ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტურიზმი უკვე იქცა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად.
„ეს არის ინდუსტრია, რომელმაც გასულ წელს სამ მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს. სწორედ ამიტომ აღარ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა არის მრეწველობა, მშენებლობა და სხვა ბევრი დარგი, დღეს ტურიზმი, სერვისინდუსტრია არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ლოკომოტივი, ძალიან დიდი იმედი და პერსპექტივა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, შარშან საქართველომ 8,7 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, წელს კი უკვე 11 თვეში იგივე შედეგს მივაღწიეთ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელს რეკორდული მაჩვენებელი ცხრა მილიონამდე გაიზრდება.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რის წინაშეც აღმოჩნდა წელს ტურიზმის სექტორი და თითოეული ჩვენგანი, ეს დარგი მაინც ვითარდება და დიდი პერსპექტივა გააჩნია.
„იცით, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა მყისიერად მოგვეხდინა რეაგირება და გვერდში დავდგომოდით ამ ინდუსტრიის ყველაზე დაუცველ სეგმენტს – მცირე სასტუმროებს. ვგულისხმობ პროგრამას, რომელიც მივმართეთ მცირე სასტუმროების ბანკების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე. ჩვენი მოვალეობა იყო, რომ მოულოდნელ გასაჭირში, რის წინაშეც ივნისის მოვლენების შემდეგ აღმოვჩნდით, დავდგომოდით გვერდში ამ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს. მიხარია, რომ დღეისთვის 70-ზე მეტმა მცირე სასტუმრომ ისარგებლა ამ დახმარებით. ასევე მიხარია, რომ მიუხედავად გამოწვევისა, ჩვენი ტურიზმი უბრუნდება თავის ტრაექტორიას. ეს არ არის მთლად ის, რასაც ყველანი ერთად ველოდით თავიდან, მაგრამ ეს არის შეუქცევადი ზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ავანაზღაურებთ იმ დანაკლისს, რაც გვქონდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.