ნათია თურნავა - ტურიზმი ამოქმედდება, ცა გაიხსნება, მაგრამ პროტოკოლების მკაცრი დაცვით
ნათია თურნავა - ტურიზმი ამოქმედდება, ცა გაიხსნება, მაგრამ პროტოკოლების მკაცრი დაცვით

ტურიზმი ამოქმედდება, ცა გაიხსნება, მაგრამ ეს პროტოკოლების მკაცრი დაცვით მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა მედიის კითხვაზე, პირველი ივლისიდან ფრენების გახსნის შემდეგ რა ბარიერები დახვდებათ საქართველოს აეროპორტებში ჩამომსვლელებს.

ნათია თურნავას თქმით, ეს უფრო სიფრთხილეა, ვიდრე – ბარიერი.

„ბარიერებს არ დავარქმევ, ეს არის სიფრთხილე. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დავთმოთ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიის ეფექტური მართვა ჰქვია. ტურიზმი ამოქმედდება, ცა გაიხსნება, მაგრამ ეს პროტოკოლების მკაცრი დაცვით მოხდება. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ განსხვავებული მიდგომა იქნება, გამომდინარე მათი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, საბერძნეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

„შეიძლება, ამ სიას დაემატოს ისეთი ქვეყნები, სადაც გაუმჯობესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. შერჩეულ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოსთან დაახლოებით თანაბარი იქნება, შევძლებთ, გაცილებით უფრო ლიბერალური ზომებით, სავალდებულო კარანტინის გარეშე ვიურთიერთოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი