ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება
ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ხვალ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შევხვდებით, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე უწყება მოისმენს, რა პრობლემები შეიქმნა დარგში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პარალელურად.

„პრემიერ-მინისტრისგან დღეს მივიღეთ დავალება ეკონომიკის სამინისტრომ და პირადად მე, უახლოეს პერიოდში შევხვდეთ ტურიზმის ინდუსტრიას, მოვისმინოთ პრობლემები, რაც წარმოიქმნა გლობალური გამოწვევის – კორონავირუსის გამო. დიდი ალბათობით, ხვალ მოვახდენთ ამ შეხვედრის ორგანიზებას. აუცილებლად შევხვდებით სასტუმროებს და არა მხოლოდ მათ, არამედ ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მოვისმინოთ, რა სახის პრობლემის წინაშე დგას ინდუსტრია, რომელიც ასოცირებულია კორონავირუსთან, როგორც ახალ გამოწვევასთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს მთვრობამ დღემდეც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტურისტული ინდუსტრია მეტად დაცული იყოს.

„ყველაფერი გავაკეთეთ დღემდე, განსაკუთრებით 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ იმისათვის, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს, გარე შოკები მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს. თუმცა, ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ და მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ამ ეტაპზე, ძალიან სიღრმისეულად გავერკვეთ, რა პრობლემები უდგას სექტორს, გავაკეთოთ მეტ-ნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი, რა შეიძლება კიდევ განვითარდეს. რასაკვირველია, ბევრი რამეა დამოკიდებული ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრობლემა მოგვარდება.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე ზაფხულის დადგომასთან ერთად, აღნიშნული პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა ჩვეულ ტრაექტორიას დაუბრუნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.