ნათია თურნავა - ტურისტები სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით უნდა შემოვიდნენ, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დავასრულოთ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან
ნათია თურნავა - ტურისტები სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით უნდა შემოვიდნენ, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დავასრულოთ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან

უცხოელი ტურისტები საქართველოში უნდა შემოვიდნენ როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთვრობას აქვს კონკრეტული გეგმა, რათა მზად იყოს, 15 ივნისს გახსნას ტურისტული სექტორი ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისისთვის შეძლოს, გახსნას ტურისტული ინდუსტრია უცხოელი ტურისტებისთვის.

„რასაკვირველია, უცხოელი ტურისტები უნდა შემოვიდნენ საქართველოში როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე მოვასწროთ და გამოვიყენოთ დრო, რათა დავასრულოთ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტურ კომპანიებთან, რომლებიც  ჩვენთან დაფრინავდნენ და შემდგომშიც გააგრძელებენ ფრენას და არამარტო მათთან. ძალიან ბევრი კომპანია დაფრინავს საქართველოში, ღია სივრცის პოლიტიკა  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ახლა აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ავიაკომპანია „ვიზეართან

„ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ „ვიზეარი“ შეასრულებს ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს, რაც დაწესდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე უკვე გამოქვეყნებულია საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ეხება ავიაციას და ერთი შეხედვით, არაფერია ისეთი, რისი შესრულებაც შუძლებელია. პარალელურად, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი აეროპორტები მზად იყვნენ ყველა აუცილებელი გაიდლაინის დასაცავად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კონკრეტული გეგმა მაისის განმავლობაში იქნება მზად.

„ვმუშაობთ ასევე მიმართულებების „შორთ ლისტზე“, სადაც უფრო მეტი პერსპექტივაა მეტი ტურისტის მოზიდვის; ასევე ვმუშაობთ ქვეყნებთან დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ შევქმნათ ე.წ. უსაფრთხო დერეფნები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიყოთ ყველა მრავალმხრივი რეგიონული ინიციატივის მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინიციატივის, რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას.  ბოლო წლებია, ავიაციის სფეროში საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით, აღნიშნული პოლიტიკა მარკეტინგულ მხარდაჭერასაც გულისხმობდა. ამ პოლიტიკის წყალობით, პრაქტიკულად გავაორმაგეთ „ვიზეარის“ პირდაპირი ფრენები, ასევე „რეინეარი“ შემოვიყვანეთ და სხვა ახალი საავიაციო მიმართულებები გავხსენით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკა გაგრძელდება და ის ახალ რეალობას მოერგება.