ნათია თურნავა - სოლიდარობის აქტით ყველანი დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის გამო დაუდგება გასაჭირი
ნათია თურნავა - სოლიდარობის აქტით ყველანი დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის გამო დაუდგება გასაჭირი

სოლიდარობის აქტით ყველანი დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაუდგება გასაჭირი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა გამოეხმაურა მმართველი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას, სოლიდარობის აქტს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, პარლამენტის წევრები ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ სპეციალურ ფონდში.

„დღესდღეობით, როდესაც ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ასობით ადამიანი უკვე კარგავს შემოსავლებს და ათასობით ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს დროებით შემოსავალი, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან.

აი, ასე გამოვხატავთ სოლიდარობას და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ინიციატივას გამოუჩნდება სხვა მიმდევრებიც, სხვებიც შემოგვიერთდებიან, კერძო სექტორი, საზოგადოება და ერთად ყველანი დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაუდგება გასაჭირი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.